Sunday, June 3, 2012

თავისუფლება და (თუ) მშვიდობა?

დღეს ჩემს მოსწავლეებს ვესაუბრებოდი ადამიანის არჩევნის სიმარტივესა თუ სირთულეზე. კაცმა რომ თქვას, რა არის ჩვენი ცხოვრება? - არჩევნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება. თითქმის მუდმივად. ზოგი რამ ადვილი გადასაწყვეტია, ზოგი კი - ძალიან რთული. ისეთი რაღაცებიც არის, ურთულესს რომ იტყვიან. მკაფიოდ კონტრასტულ ამბებში (სიკეთე - ბოროტება; ზნეობა - უზნეობა; ღირსება - უღირსობა...) წესიერი კაცისთვის არჩევანი ძნელი არ არის. მაგრამ როდესაც სასწორის პინაზე ორი სიკეთე დევს, მაშინ? თუ სხვა ალტერნატივა აღარ ჩანს და ადამიანმა აუცილებლად ერთი სიკეთე უნდა ამჯობინოს მეორეს - რა ხდება ასეთ შემთხვევაში? ეს დიდ პრობლემას ბადებს, რადგან არგუმენტები სასწორის არც ერთ პინას არ აკლია.ეს ყველაფერი ანგელოზებმაც იციან და ეშმაკებმაც. პირველნი ადამიანთა მოყვარულნი არიან და ორ სიკეთეს ერთმანეთს კი არ უპირისპირებენ, არამედ ერთმანეთით აძლიერებენ. მეორენი (ეშმაკები) კაცთა შესაცდენად მათ ფიქრს უძნელესად გადასალახ დილემას სთავაზობენ ხოლმე. ისე, მაინცდამაინც არც ეშმაკების აუცილებლობაა - ზოგჯერ გარემოებები ისე გადაებმება ხოლმე ერთმანეთს, რომ ზემონახსენები დილემა რქიანების გარეშეც წარმოიქმნება.სიტყვებსაც აქვთ თავისი რანგი და სტატუსი. არც ერთი ეშმაკი ისე არ დაეცემა (ეს ბოლო სიტყვა გვარიანად ორაზროვნად გამოიყურება), რომ მაღალი რანგისა და სტატუსის სიტყვა მეორეხარისხოვანს "გაუდილემოს" და ადამიანის დამცინავი ღიმილის ობიექტად იქცეს. სადილემო წყვილად ის აუცილებლად ჩვენთვის ძვირფას ორ ცნებას (ფიქრს, აზრს...) შეგვირჩევს და თავსატეხსაც გაგვიჩენს. მერე იწყება ხოლმე: დავა, კამათი, დისკუსია, დებატი, დაპირისპირება, ჩხუბი, აყალმაყალი, ომი...აღარც კი ღირს გაგრძელება, იმდენად ნაცნობია ეს ყველაფერი ჩვენთვის.რაზე ვლაპარაკობდით მე და ჩემი მოსწავლეები? ბარათაშვილის "ბედი ქართლისა" გავიხსენეთ. ადამიანთა თავისუფლებას ერთი კაცი, ბედის განგებით, კამათელივით ათამაშებსო, - ფიქრობს ერეკლესთან დიალოგით დიდად დაფიქრებული სოლომონ ლიონიძე. რა უნდა დაუპირისპირო სიტყვა "თავისუფლებას" (ყველა ჩვენგანისთვის ესოდენ ძვირფასს), რომ ადამიანებს დილემაზე დაფიქრების სურვილი გაუჩინო? ასეთი სიტყვა, ალბათ, სულ რამდენიმეა და მათ შორის შესაძლოა ყველაზე აქტუალური "მშვიდობა" იყოს. როგორ უხდება ეს ორი სიტყვა (თავისუფლება და მშვიდობა) ერთმანეთს და რა საშინელი რამ არის მათი დაპირისპირება კაცთა ცნობიერებასა თუ ცხოვრებაში! "ახლა კი დროა, სოლომონ, რომა მშვიდობა ნახოს საქართველომა". ამას ბარათაშვილი ათქმევინებს მეფეს, რომელიც მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში თავისუფლებისთვის იბრძოდა ხმლით ხელში. მისი არგუმენტი ასეთია: როდესაც არსებობის შეწყვეტის საშიშროება დგება, მაშინ მშვიდობის მნიშვნელობა აჭარბებს თავისუფლებისას. სოლომონის აზრით კი, ასეთი დრო არასდროს დგება - თავისუფლება ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას და მშვიდობაც მხოლოდ ღირსეული შეიძლება არსებობდეს - უღირსებო მშვიდობა მხოლოდ მონათა ოცნებაა.ადვილად არავის ეფიქრება და მით უფრო ძნელი შესასრულებელია რუსთველური აზრი: "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!" ეშმაკის დილემა ასე ადვილად გადასაწყვეტი არ არის - არჩევნის თავისუფლება აქ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის ყოველთვის. ამ დროს გაგახსენდება კაცს ეგზისტენციალისტების ცნობილი ფრაზაც: "ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით". ეს იმიტომ, რომ თავისუფალ არჩევანს ყოველთვის თან ახლავს პერსონალური პასუხისმგებლობა - შენ გააკეთე არჩევანი? - მაშინ ვერავის ამოეფარები!კიდევ ერთ კლასიკურ ტექსტში ვხვდებით ხსენებული ორი სიტყვის დაპირისპირებას. ჩემმა მოსწავლეებმა მაშინვე გაიხსენეს - "მგზავრის წერილებში" არა, ბატონო გია?! დიახ, სწორედ ამ მოთხრობაში. მოხევე თავისუფლებაზე ლაპარაკობს და ამიტომაც "ძველი დრო" ესალბუნება. ილია "მიზნიანად" ეკითხება: ეგ ჰო, კარგია, მაგრამ ახლა რომ მშვიდობა გაქვთო?! ყველა წიგნიერმა ქართველმა იცის რასაც ნიშნავს ილიას მოხევესთვის "ცარიელი მშვიდობა" - რად უნდა კაცს მშვიდობა, თუ მისი ღირსება შეურაცხყოფილია?ეს დილემა მხოლოდ ლიტერატურის ისტორიის კუთვნილება არ არის და ადამიანთათვის ყოველთვის აქტუალურია - გუშინაც, დღესაც და ხვალაც. როგორც ერთი ადამიანის, ისე მთელი ერის (ზოგჯერ კი - კაცობრიობის) წინაშე ერთ მშვენიერ (ან - ნაკლებად მშვენიერ) დღეს დგება კითხვა: რა მირჩევნია მთავარ ბაზრობაზე - მშვიდობა გადავიხადო თავისუფლებისთვის თუ თავისუფლება - მშვიდობისთვის? ვერავინ იტყვის, რომ თუნდაც დღეს ასეთი კითხვა არ დგას ქართველი საზოგადოების წინაშე. ჩემმა მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ მშვიდობა და თავისუფლება გაცილებით ხშირად არიან ძმები, ვიდრე მტრები, მაგრამ მათ ისიც დანამდვილებით მითხრეს, რომ თუ არჩევანია, უყოყმანოდ ირჩევენ თავისუფლებას. ისინი არ გადაიხდიან თავისუფლებას მშვიდობისთვის - ასეთი "კომერცია" მათთვის მიუღებელია.იცით, რატომ ვსწავლობთ ლიტერატურას? - იმისთვისაც, რომ ასეთ დასკვნებამდე მივიდეთ.

1 comment:

  1. Best 8 casino games in MI 2020
    Best 8 casino games in MI 2020 · 춘천 출장샵 10. Mega Joker, Wager, Free Spins, $1,200 Bonus · 9. Big Cat in 포항 출장샵 Black, $8,000 Bonus 부천 출장안마 · 강원도 출장마사지 8. Jackpot King, $10,000 Bonus 수원 출장샵

    ReplyDelete